18:10 ოტია იოსელიანი | |
მწველი აღარ არის შემოდგომის მზე. მთავარმა ვნებათაღელვამ გაიარა: დასახნავი - დაიხნა, დასათესი - დაითესა... ისიც დამშვიდდა, სხივები დაიდინჯა და გული საგულეს ჩაიყენა. ახლა, ყოველ დილით, როცა ამოდის და შემოდგომის შეფერილ ბაღ-ვენახებს ელამუნება, თითქოს ტკბილ ოცნებაში ჩაძირული ელოდება დროს, როცა თავადაც, ამ ჭირნახულთან ერთად, მოხვდება საბძლებსა და მარნებში... მზეს შემოდგომობით ყველაზე მეტად უყვარს ადამიანი - განსაკუთრებით ნაჯაფარხელებიანი, ამიტომაც აღარ წვავს, მხოლოდ ეალერსება მის დაღლილ სხეულს... ცხადად შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ ამოდის შემოდგომის მზე გვიშტიბში, როგორ ნელ-ნელა ედება სინათლედ მწიფე ყანას, როგორ იხლართება ხეხილის ტოტებში. მერე სახლის აივანზე ეცემა მისი სხივები... სწორედ იმ სახლისა, ოტია იოსელიანმა თავისი ხელით რომ ააშენა. რაც უფრო ჯიუტად მიდიოდა ქვეყანა წინ - ინდუსტრიალიზაციისა და გლობალიზაციისკენ, მით უფრო მეტად ეფერებოდა გვიშტიბს - არ ტოვებდა. გაზაფხულზე დასახნავი ჰქონდა, მერე - დასათოხნი, მერე მოსარწყავი... ხანდახან კი მოუხდებოდა სახლის დატოვება და თბილისში ჩარბენა - საქმის გამო, ცხადია... გამომცემლობაში შევიდოდა თუ თეატრში დაუძახებდნენ საპრემიერო ჩვენებაზე... მესამე, ჰა-ჰა, მეოთხე დღეს უკან გარბოდა! ასე კი არაა, საქმე მაქვს სოფელშიო... უნდა გაიგოთ, ბოლოს და ბოლოს, ან შრომას მიეჩვიოთ, ან ჭამას გადაეჩვიოთო... შემოდგომობით ძალიან უყვარდა სიჩუმეში ჯდომა და გარემოს ყურება. ეზოში გავლაც უყვარდა... ცოტაც და თავის მოყვანილ სიმინდსა და ხილ-ბოსტნეულს დააბინავებდა. მერე, რა გემრიელი იყო ამ სიმინდის ფქვილით გამომცხვარი მჭადი. ერთი წლისა იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ხომ ნათქვამია, ობლის კვერი ცხვაო, გვიან გამოცხვაო... გამოცხობით მართლაც გამოცხვა, მაგრამ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ თავად გამოაცხო... ყველა ტკივილის მიუხედავად, მუხლი არ მოეკვეთა და შუა გზაზე არ წაიქცა. მაგრად იდგა! "ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს, "მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო".–ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია", - ამბობდა მწერალი. ცის დამხობის ტოლფასი იყო მისთვის დედის გათხოვება. ბოლომდე სტკიოდა, თუმცა ისიც იცოდა, არ იყო ეს დანაშაული. გულს ვერაფერი მოუხერხა, ბავშვურად გაბუტულსა და ბრაზით სავსეს... მერე იყო ძიება - ჯერ ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც პირველ კურსზევე მიატოვა, მერე სამხატვრო აკადემიაში სწავლის სურვილი, რომელიც სურვილადვე დარჩა, რადგან მისაღებ გამოცდაზე ჩაიჭრა ქართულში... ამაზე ბოლო დრომდე ლაპარაკობდა. მოთხრობების წერაც იმიტომ დაიწყო, რომ ქართული "ჩაებარებინა" წარმატებით, ამჯერად საკუთარი თავის წინაშე. 1957 წელს პირველი მოთხრობების კრებული - "კარის მეზობელი" გამოიცა. მერე წიგნები გამრავლდა მის სახლში, ერთი თარო გაავსო და მეორეზე, მესამეზე დაისადგურა... ბოლოს, ოტია იოსელიანის წიგნებს მთელი კედლები ეკავა. ფურცლებს სიგარეტის სუნი ჰქონდა გამჯდარი... ამ ოთახში ხშირად ფანჯრებს დაკეტავდა და ისე ეწეოდა. ამბობდა: სიგარეტის კვამლში ნელ-ნელა მოთხრობების პერსონაჟები იკვეთებიანო. აფრთხილებდნენ, ასეთი სიხშირით მოწევა ძალიან საზიანოაო... ის კი: რავა, მოუწეველი მკვდარი არ გინახავთო?! სიტყვა მოსდევდა და მისი სიტყვის მოლოდინი ჰქონდა საქართველოს. ქეიფისა რა გითხრათ... უყვარდა, ცხადია, ოღონდ ისიც სიტყვის გამო. ზოგიერთი ერისათვის პურის დაყნოსვა და არყის გადაკვრა იყო ბუნებრივი, მას კი მთავარი სათქმელი უნდა ეთქვა... საქართველო შეძრა ოტია იოსელიანისა და ვიქტორ ასტაფიევის ამბავმა: ოტია სოხუმში დახვდა სტუმარს, წყალტუბოში წაიყვანა, შავი ზღვისპირეთში, რაც შეეძლო, ხელგაშლილი და გულგაშლილი იყო... სტუმარი კი თურმე თავისას ფიქრობდა და რუსეთს დაბრუნებულმა ისეთი მოთხრობა "გამოაცხო", ქართველებს ტვინში სისხლი კინაღამ ჩაექცათ! ალბათ, იმ დროიდან არა, უფრო ადრიდან იყო, მაგრამ მე ასე მირჩევნია წარმოვიდგინო, რომ ეს ასტაფიევის მერე მოხდა: გვიშტიბში, ეზოში დიდი ძაღლი გაიჩინა: უკეთურს არავის შემოასუნინებს ეზოშიო... იმ პერიოდში, როცა საქართველოში დღევანდელივით არ უჭირდათ, შაქარს რომ იოლად ყიდულობდნენ და ბლომად აყრიდნენ ყურძენს ბევრი ღვინის მისაღებად, ოტია იოსელიანი თავისი გვიშტიბის ყურძნის ნაჟურს ჩაასხამდა თიხის დოქში, სიმინდის ფუჩეჩით დაუცობდა თავს და ისე მიდიოდა სტუმრად... ღვინო - ღვინოდ და იმ ფუჩეჩსაც თავისი დატვირთვა ჰქონდა. რაღაცნაირი მზე მოჰქონდა - სოფლის ნამდვილი მზე ამ ხმელ ფოთლებს... ხმელი სიმინდის ფუჩეჩი ხომ ძალიან ჰგავს გლეხის ხელისგულის გაუხეშებულ კანს. და თუ ვინმეს შეეძლო ეთქვა თავმომწონედ სტუმართან: ა, ბატონო, ჩვენი ქართული ღვინო, ჩვენი ქართული პურიო, ოტიაზეც აუცილებლად "ჩვენი" უნდა ეთქვა... ეს მწერალი "ჩვენი" იყო. როგორც უნდა აებზუებინა ტუჩი ვინმეს, გაეკრიტიკებინა მისი მოთხრობა ან პიესა, დაეწუნებინა მისი რომანი, თვალში ნაცარს ვერ შეიყრიდა, რომ არ დაენახა: Pქართულ მიწასთან ასე ახლოს მყოფი ოტია იოსელიანი ხალხს უყვარდა. ხალხი კი არასოდეს ცდება! - ადამიანი მიწას არ უნდა მოაშორო, რომ უკაფავ-უხნავ-უთესველად მომკა არ ისწავლოს! - ამბობდა ოტია. ხომ მართალია? ხომ მოშორდნენ მიწას და ხომ მკიან ზოგ-ზოგიერთები უხნავ-უთესველად? - გამოცდილებით, თავგადასულობით რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი, - წერდა და ხომ მართალია? გადატანილმა განსაცდელმა რამდენი ჭკვიანი შემატა ქვეყანას? ამიტომაც უყვარდათ - მართალი და დაუფარავი სიტყვის გამო "თავის ოტიად" მიაჩნდათ - შინაურ და ერთგულ კაცად, რომელსაც უნდა ჰკითხო და რომლის პასუხიც უნდა მოისმინო... - მზეს საქმესთან უნდა დახვდე! საქმემდე თუ მზემ მიგასწრო, ვეღარაფერს გააკეთებ და, ესე იგი, დრო დაკარგე. 10 საათზე მწვანე ჩაის ვსვამ. დანაყრებული კაცის გაკეთებული საქმე არ არსებობს! ასე რომ იყოს, მაშინ ლუარსაბს უნდა დაეწერა ""ვეფხისტყაოსანი"". ყველაფერს მშივრები აშენებდნენ. შაქარს არ ვხმარობ, აკრძალული მაქვს, რადგან თეთრი სიკვდილია. თაფლს ვიღებ, ოღონდ ნამდვილს. ფუტკარი ჩვენ გვყავს. ჩემი შვილები არაფრისმაქნისები არიან, მაგრამ 200 ძირი ფუტკარი კი ჰყავთ. ერთი კოვზი თაფლი და ერთი ჭიქა ჩაი კაცს მთელი დღე გეყოფა. 10 საათზე ჩაის ვსვამ და 4 საათამდე ვმუშაობ. საქმესთან მისვლაა ძნელი, თორემ მერე თვითონ წაგიღებს. დილაობით თავს ვატყუებ, - გავალ და ორ მეტრს დავბარავ-მეთქი და ბოლოს ათ მეტრზე ავდივარ, რადგან უკან აღარ მიშვებს. ეს მხოლოდ ჩემი ჩვევა კი არაა, ყველა ქართველ კაცს ჰქონდა. პუტინია თუ რასპუტინი, ვეთანხმები, რომ ქართველები გამოყაროს აქეთ! სახლში დაეტიე და შენს გაჭირვებას შენვე მოუარე, კი არ გამოკეტო სახლის კარი! რომ მიადექი ვინცხას სამათხოვროდ... გამათხოვრებული სიმაძღრე შიმშილზე უარესია და ეს იცოდა ოტია იოსელიანმა! მაშინაც იცოდა, როცა უმრავლესობამ სიმაძღრის სურვილის იქით აღარ იცოდა არაფერი! - ჩემო ქართველებო, მართალია, დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო, ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა. ამ ბოლო დროს აღარ ვაკეთებ განცხადებებს, იმიტომ, რომ არავითარი აზრი არა აქვს. მე რა მინდა შენგან? ქვეყანას ნუ დააქცევ, შვილო, შენთვის გელაპარაკები ამას. მინდა, საუკეთესო იყო და ქვეყანა იყოს კარგად. თუ ვხედავ შენს სიგლახეს და თვალს ვხუჭავ, მე ვცოდავ მაშინ. მოგიწოდებ გონიერებისკენ, გაფრთხილებ, არ გესმის, თუ არ გინდა, გეიგო? რომ გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი, მაგრამ მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა? ახლა, ამას რომ ვწერ, ვიცი, მაინც არ ექნება შედეგი. კაცი უდაბნოში რომ მოხვდება, ყვირის, მიშველეთო. კი იცის, ვერავინ რომ ვერ უშველის, მაგრამ მაინც ყვირის, დაღუპვის შიში აყვირებს. სწორედ ასე ვარ ახლა მეც: კი ვიცი, ამათ რომ არ ეყურებათ, მაგრამ მაინც ვყვირი, ქვეყნის დაღუპვის შიში მაყვირებს... მის თამამ სიტყვას საქართველომ პასუხად მიაგო: სახელს "ოტია" წინ "ჩვენი" დაუმატა... წელს პირველი შემოდგომაა, როცა ამოვა შემოდგომის თბილი მზე, სხივების ცეცებით გადაუვლის გვიშტიბის მსხმოიარე ბაღსა და ვენახს და ძალიან, ძალიან მოისაკლისებს კაცს, რომელსაც სვანური ქუდი ეხურა, მუნდშტუკს აბოლებდა და სიმინდის ფუჩეჩივით გაუხეშებული ხელები ჰქონდა - ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ ჰქონდა, რადგან ძალიან, ძალიან ახლოს იცნობდა ქართულ მიწას... მიწას, რომელიც ახლა გულზე მსუბუქად აყრია... სიკვდილის შემდეგაც არ დატოვა თავისი კარ-მიდამო. პანთეონი არ ისურვა. დარჩა მწერლად, რომელზეც მზეს საქმესთან დახვედრილი, ფეხგატალახიანებული და მარჯვენადაკაპიწებული გლეხი იტყვის: - ჩვენი ოტია! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz