23:25 ილია ჭავჭავაძე | |
2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველსა და ილია მართალს მოიხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით გავიხსენოთ წმინდა ილია მართლის სიცოცხლის ბოლო წლები, ანუ წიწამურისკენ მიმავალი გზა. საზოგადო საქმეებით დაღლილ ილიას სენმაც შეუტია. სამკურნალოდ წავიდა საზღვარგარეთ. ამ მკურნალობას დიდი შედეგი არ მოჰყოლია და ილიამ დასვენება გადაწყვიტა - "ივერიის" რედაქტორობა სხვას გადაულოცა, შემდეგ საბანკო საქმიანობასაც დაანება თავი. სხვა ქვეყანაში ასეთ ნაღვაწ ადამიანს დიდი პატივით გააცილებდნენ, მაგრამ ჩვენთან ილიას იუბილეც კი ჩაიშალა! ეროვნული ცნობიერების მოწინააღმდეგე ახალგაზრდა მარქსისტებმა ჟურნალ "მოგზაურში" სარკაზმით საგურამოსკენ გზა უჩვენეს - "იქ არის შენი საუნჯე და სამოთხე, შენი გლეხებისთვის კი დღემდე ჯოჯოხეთიაო". ერთხანობა საგურამოელი გლეხებიც აუჯანყეს... რაოდენ პარადოქსულია, რომ "მოგზაურის" ცილისწამებებზე ილიას პასუხი მისმა "ივერიამ" არ დაბეჭდა და იძულებული გახდა, ცალკე გამოეცა. მაინც რად სძულდათ ასე ილია, რად უნდოდათ საზოგადოების მის წინააღმდეგ აბუნტება სოციალ-დემოკრატებს? მათი იდეა მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის მოხდენა იყო, ეს მთლიან იმპერიაში თუ ადვილად შეიძლებოდა, ეროვნული სახელმწიფოების შექმნა დაშლიდა რევოლუციის ერთიან ფრონტს და დამარცხდებოდა. "ჯერ სოციალური თავისუფლება მოვიპოვოთ, რომელსაც ეროვნული თვითგამორკვევა მოჰყვებაო", - ამბობდნენ. ამიტომ სოციალ-დემოკრატთა მთავარი სამიზნე ილია გახლდათ, "როგორც უფრო სრული წარმომადგენელი და გამომხატველი ქართველთა პატრიოტული და ეროვნული მიმართულებისა, როგორც ბაირახტარი და ბურჯი მამულიშვილობისა" (გრ. ყიფშიძე). წმინდა ილიას იმ პერიოდში უცდია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შექმნა, რომლის საპროგრამო მოთხოვნა გახლდათ: მეფის ხელისუფლების კონსტიტუციურად გარდაქმნის გზით საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკური ავტონომიის მოპოვება. 1905 წელს ოზურგეთში გურულმა გლეხებმა სასტიკად დაამარცხეს კაზაკთა და პოლიციელთა რაზმები. მთავრობამ მათ დასარბევად ჯარის გაგზავნა გადაწყვიტა. მაშინ ილიას ქართველ თავად-აზნაურთათვის უთქვამს, გავგზავნოთ დელეგაცია მეფისნაცვალთან და დამსჯელი ექსპედიცია გადავათქმევინოთო. თუ მეფისნაცვალი არ გადათქვამს და მაინც გაგზავნის ჯარს, წავიდეთ, ჩვენს ძმებს, გურულებს გვერდით დავუდგეთ და დავიხოცოთ. თუ ასე არ მოვიქცევით, ხალხი ამ სირცხვილს არ გვაპატიებსო. ილიას თავგანწირვამ ნაყოფი გამოიღო და მთავრობამ ჯარი აღარ გაგზავნა. მოკლედ, ქართულ მოწინავე საზოგადოებაში მომწიფდა აზრი, რომელსაც იმდროინდელი ცნობილი საზოგადო მოღვაწე პართენ გოთუა ასე გადმოგვცემს: "მხოლოდ ილიას შეუძლია შეგვაერთოს ყველა პარტია, მხოლოდ ის გამოხატავს ჩვენი ერის სულიერ სიძლიერეს - აი, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტობის ღირსი. თუ გვეღირსა თავისუფლება, მხოლოდ ილიას ძალუძს ჩაუდგეს სათავეში გათავისუფლებულ საქართველოს". 1906 წლის აპრილში პეტერბურგში, სრულიად რუსეთის თავად-აზნაურთა ყრილობამ აირჩია 18-კაციანი სახელმწიფო საბჭო. ერთი ადგილი ამიერკავკასიას მიაკუთვნეს და იგი ილიას არგუნეს. ილიამ ამ საბჭოში აქტიურად გაილაშქრა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, დიდი ღვაწლი დასდო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს. სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის დახურვის შემდეგ ილია საქართველოში გამოეშურა. ნაცნობ-ახლობლები არ ურჩევდნენ დაბრუნებას - აქ საშინელი მდგომარეობაა, აგერ, შენს მოურავს და მის ცოლს ყელი გამოსჭრეს ბანდიტებმა, მერე შენც მოგადგებიანო, მაგრამ ილიას რა გააჩერებდა უცხო მხარეში! "ამდენი ხანი არ ვყოფილვარ საქართველოში! ზაფხული თუ იქ არ გავატარე, ჩვენს ქვეყანას არ გადავხედე, ზამთარში აქ რა გამაძლებინებს?" ილია იმედიანად ჩამოდის საქართველოში და მთელ ზაფხულს საგურამოში ატარებს. მხეცურად მოკლული მოურავის, მოსე მემარნიშვილის ნაცვლად, თავისი დის რეკომენდაციით, აჰყავს დიმიტრი ჯაში. ცდილობს, გაამშვენოს თავისი კარ-მიდამო, მაგრამ უგუნური ქართველები არ ცხრებიან, ცდილობენ, გული მოუკლან. გამხეცებულმა ყაჩაღებმა ილიას საყვარელი ჯორი ტყეში დაიჭირეს, გაკოჭეს, უკანა ტანში მსხვილი პალო ისე შეუყარეს, რომ ნაწლავები დაუგლიჯეს. ამ საშინელმა ამბავმა ყველა აღაშფოთა. ერთხელ თურმე ზაქარია ღვინის სარდაფში საზრდელს შეექცეოდა. მოშორებით სუფრას ახალგაზრდები უსხდნენ. ზაქარია მათ იცნობდა. ილიას სადღეგრძელო შეუთავაზებია მათთვის. გაბრაზებულან - შავრაზმელ ილია ჭავჭავაძის ტოსტს არ შევსვამთ. ამ დღეებში მის მოკვლას ვაპირებთ და თუ ძალიან გინდა, შესანდობარს გეახლებითო. რა სისულელეს როშავთო, - შესძახა თავზარდაცემულმა მოხუცმა. ამას ჭკუა ვასწავლოთო, - დაიძახეს ახალგაზრდებმა და ზაქარია ფეხქვეშ გაიგდეს... 27 აგვისტოს ილია საგურამოდან მეუღლის, არტურ ლაისტისა და მსახურ იაკობის თანხლებით წამოსულა. მეორე დღეს აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ 30 აგვისტომდე, ხუთშაბათამდე, უკან ვერ მობრუნებულა. ვახტანგ ორბელიანის ასული მარიამი იგონებს: - ილიამ საგურამოში საბედისწერო მოგზაურობის რამდენიმე დღის წინ საღამო ჩვენთან გაატარა. ძლიერ დაღვრემილი იყო... [საგურამოში] ცოლის წაყვანა არ უნდოდა. მაგრამ [ოლღამ], შესაძლებელია პირველად სიცოცხლეში, ისეთი დაჟინებით მოითხოვა წასვლა, რომ ილია მოლბა და დათანხმდაო. ავს უგრძნობდა გული ოლღასაც, ევედრებოდა ილიას, წასვლა გადაედო, ცალკე მეგობარს, ილია წინამძღვრიშვილს ურჩევია, არ წახვიდე საგურამოშიო. ხუთშაბათს, 30 აგვისტოს (ძვ.სტ.), ილია მეუღლესთან ერთად საგურამოს გზას გაუდგა. ოლღა მოიგონებს მერე: "30 აგვისტოს შუადღისას მივედით წიწამურთან. აქ გზის პირას იყო გრილი წყარო, რომელიც ილიას ძალიან უყვარდა. ისე არ გავივლიდით, რომ აქ არ ჩამოვსულიყავით და არ შეგვესვენა. ამ საბედისწერო დღესაც ჩამოვხტით. ჩვენ წყალი დავლიეთ, ილია გადი-გამოდიოდა მწვანე მოლზე. მე ისევ ეტლზე ამოველ. მეეტლემ ცხენებს წყალი დაალევინა, შეაბა კიდეც, ილია კი, აღელვებული, გაფითრებული, ისევ ბოლთას სცემდა. ყველა ვგრძნობდით, რომ რაღაც დაუტეველ ბოღმას თუ გრძნობას შეეჭიდა ილია და ვერავინ ვუბედავდით, მისი დუმილი დაგვერღვია. ორმოც წუთზე მეტი გარინდებული გადი-გამოდიოდა სახედატანჯული. კარგა ხნის მერე ამოვიდა და ბიჭს უბრძანა, გარეკეო". ოთხი წუთის შემდეგ ბერდენკამ დაიქუხა. რამ გაგაგიჟათ, ხალხო, რა გინდათო, - ეს ყოფილა ილიას უკანასკნელი სიტყვები. ოლღა გადაფარებია - ამ კაცს ნუ მომიკლავთ, ეს ქვეყანას სჭირდება, თუ სიკვდილი გინდათ, მე ჩამქოლეთო. ჩაქოლეს კიდეც - თოფის კონდახით ცხვირ-პირი დაუმტვრიეს... ბერდენკის ტყვიამ გული გაუხვრიტა ილიას, "საკონტროლოდ" კონდახით შუბლიც გაუჩეჩქვეს. გვამის გაკვეთით გამოჩნდა, რომ ილიას დიდი ხნის სიცოცხლე აღარც ეწერა. ილიას მკვლელებიდან თედო ლაბაური (მეეტლე), გიორგი ხიზანიშვილი, პავლე ინაშვილი მთავრობამ 1909 წელს ჩამოახრჩო, გიგლა ბერბიჭაშვილს 1941 წელს ეწია სამართალი. ვინ იყო მეხუთე მკვლელი, "იმერელი ბიჭი", ვერ გამოირკვა. ის კი გადაურჩა კაცთა სამართალს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელებს 1923 წელს ხელში ჩავარდნიათ ბერბიჭაშვილი და დაუკითხავთ. შემდეგ ის ქაქუცას გაუთავისუფლებია - თუ გაიმარჯვებდნენ, საჯაროდ უნდა ელაპარაკებინა. ბევრი გაიგეს მისგან, მათ შორის იმ პატარა ჯგუფის წევრთა გვარები, ვინც ილიას სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. მათ თურმე ფილიპე მახარაძე მეთაურობდა, ეს ის ფილიპეა, რომელიც "მოგზაურში" ცილს სწამებდა ილიას და თანაპარტიელებს, სოციალ-დემოკრატებს ილიას ცხედართან მისვლა აუკრძალა. ნოე ჟორდანია ამ დროს დაჭერილი ყოფილა, მაგრამ დიდად არ სწყენია ილიას მკვლელობა. უთქვამს: "ხეს რომ ჭრიან, ნაფოტები სცვივაო". ერთხელ, ძალიან ადრე, იოსებ იმედაშვილს უსაყვედურია ჟორდანიასთვის, ილიას ლანძღვა როგორ შეიძლებაო. მიუგია: - დღეს ჩვენთვის ილიას დროშა აღარ გამოდგებაო. "მე კი მგონია, მოვა დრო და თქვენც ილიას დროშას შეეფარებით, - უთქვამს იოსებს, - ვისაც საქართველო უნდა, ილიას დროშას უნდა შეეფაროსო". ასეც მოხდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ნოე ჟორდანია - დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი მეთაური, ქართულ მიწაში ვერ დაიმარხა... ოცი წლის შემდეგ, 1927 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა ოლღა. ახალგაზრდებს ხელით აუსვენებიათ მთაწმინდაზე დიდი ილიას თანამეცხედრე. იმ საშინელ წლებში ოლღას დაკრძალვაც ეროვნული გრძნობების თავისებური მანიფესტაცია იყო. ჩანდა, ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო სული, ჯერ კიდევ ფრიალებდა ილიას დროშა, ეროვნული ღირსების, თვითშეგნების დროშა. მკითხველო, გთხოვთ, მოვიხსენიოთ ლოცვებში იაკობი, ილიას მსახური, თავის ბატონთან ერთად რომ მოკლეს იმ დღეს წიწამურთან... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz