00:16 საქართველო 81 : ბელგია 59 |
ქართველ გულშემატკივრებში დიდი იყო ბელგიელებთან მატჩის მოლოდინი. თითქმის ყველა აღიარებდა, რომ ეს შეხვედრა საკვანძო იყო. გულშემატკივრებს ახსოვდათ ბელგიელებთან შარშან წაგებული ორი მატჩი. საქართველოს ნაკრებმა კი აიღო და 22 ქულით გააცამტვერა ოპონენტი.
რა იოლი ყოფილა გამარჯვება, როცა გამართულად თამაშობ დაცვაში. კოკოშკოვის გუნდის წარმატება ულაპარაკოდ დაცვის დამსახურებაა. მატჩამდე არაერთ ინტერვიუსა თუ პირად ლაპარაკში ჩვენი ნაკრების წევრები ბელგიელთა სამქუნიანთა მაღალ პროცენტულობაზე ლაპარაკობდნენ. გულშემატკივარიც ყველაზე მეტად შორ სროლებს უფრთხოდა. გამართული ტაქტიკისა და სწორი დაცვის წყალობით საქართველოს ნაკრებმა ბელგიელებს ეს იარაღი მოუსპო. რაკი შორი სროლებით ფონს ვერ გავიდნენ, ბელგიელებს ფარქვეშ არაფერი გამოუვიდათ. ზაზა ფაჩულიან, ვიქტორ სანიკიძემ და ვლადიმერ ბოისამ პირწმინდად დაჩაგრეს სამწამიან ზონაში ყველა ოპონენტი.
საქართველოს ნაკრების კარგი თამაშის წყალობით თამაშს აზრი საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე დაეკარგა, როცა გიორგი ცინცაძის სროლის შემდეგ ჩვენების უპირატესობამ 22 ქულას მიაღწია. საბოლოოდ საქართველომ სწორედ 22 ქულით მოიგო და უკვე რუსეთთან სახვალიო მატჩზე გადაერთო. საქართველო: ფაჩულია 16, სანიკიძე 13ქ, 11მ, ვ. ბოისა 10, შერმადინი 7, ცინცაძე 8, ჰაინესი 4, შენგელია 13, მარკოიშვილი 5, ცქიტიშვილი 2, ა. ბოისა 2, გამყრელიძე 1
ართველ გულშემატკივრებს დარბაზის ერთი მხარე მთიანად შევსებული ჰქონდათ
ზაზა ფაჩულია: „პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჩემთვის და მთლიანად გუნდისთვის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ჩვენი ნაკრები ევრობასკეტზე პირველად მოხვდა და გუნდის ყველა წევრი სიამაყის გრძნობით იცავს ჩვენი ქვეყნის სახელს. ჩვენ დღეს პირველი მატჩი გავმართეთ ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა ბელგიელი მსროლელების, დიმიტრი ლოუერსის, მარკუს ფეისონის და სხვათა შეჩება. ბელგიელებმა შარშან ორი თამაში სწორედ შორი სროლების წყალობით მოგვიგეს, ჩვენ მათი შეჩერება კარგი დაცვით მოვახერხეთ. იგორ კოკოშკოვი: „დავეთანხმები ჩვენი გუნდის კაპიტანს, რომ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში და განსაკუთრებით პირველ მატჩში გამარჯვება უდიდესი მნიშვნელობისაა. ბელგია ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია, შარშან ორჯერ დაგვამარცხა და ვიცოდით, რომ თუ მთელი მონდომებით არ ვითამაშებდით, გამარჯვებას ვერ მოვიპოვებდით. საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ მეტოქის ფორვარდების შეჩერება, რაც გუნდური თამაშის დამსახურებაა.ეს გამარჯვება გასახდელიდან გამოსვლის შემდეგ უნდა დაივიწყოს ყველა მოთამაშემ და მომავალი შეხვედრისთვის მოვემზადოთ. რუსმა ჟურნალისტებმა ზაზა ფაჩულიას მომავალ მატჩზე დაეკითხნენ და იმით დაინტერესდნენ, მივიდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გამარჯვების შემდეგ გუნდთან... „არა აქვს მნიშვნელობა, რუსეთის ნაკრები იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენ მაინც სრული მობილიზებით ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის – განაცხადა ფაჩულიამ – რუსეთს კარგი გუნდი ჰყავს, მაღალი კლასის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ვნახოთ, ვიბრძოლებთ, ვითამაშებთ და ღირსეული გაიმარჯვებას. ჩვენს ქვეყანაში კალათბურთს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ჩვენი პრეზიდენტიც გვერდში გვიდგას და გვქომაგობს. ის ქართული კალათბურთისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში ყოველთვის ჩვენთანაა და ახლაც გვესტუმრა. საერთოდ, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ბელგიასთან მატჩში და მაყურებლის აქტიურობამ ძალიან დიდი მუხტი მოგვცა. მადლობა იმ ათასობით ქართველსა თუ არაქართველს, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გვერდით გვედგა.
მატჩის შემდეგ, სანამ გასახდელში შევიდოდნენ, ცინცაძემ და მარკოიშვილმა შემდეგი განაცხადეს:
გიორგი ცინცაძე: "თამაშბეზე საოცარი განწყობით გავედით. ამდენი გულშემატკივრის მხარდაჭერამ დამატებითი ძალები შეგვმატა. ბოლო პერიოდში რამდენიმე დასანანი მატჩი დავთმეთ, თუმცა, სწორედ იქ ვიმარჯვეთ, სადაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა”. მანუჩარ მარკოიშვილი: "ცხადია, შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ მე ყველაზე მეტად ერთი ფაქტი მახარებს. მგონი, დავამტკიცეთ, რომ ასეთ დონეზე თამაში საქართველოს ნაკრებსაც შეუძლია. ბელგიასთან შარშან ორი მატჩი წავაგეთ, თუმცა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მათი დამარცხება შეგვეძლო”.
|
|
სულ კომენტარები: 0 | |
Traction Theme by The Theme Foundry
Copyright MyCorp © 2024 | Website Builder Templates | Free site builder - uCoz